www.mecnier.com-თავისუფალი აზროვნება > მე შენთვის ვწერდი..., სამოტივაციო > სხვა ადამიანი...


სხვა ადამიანი...
25.12.2016, 13:59; ნახვა: 1392; დაამატა: admin
ავტორი/Author: არჩილ კვინიკაძე

მარჯვნივ, მარცხნივ, წინ და უკან. ნაბიჯს ნაბიჯს მიაყოლებს და მივა დანიშნულების ადგილზე. არც დაფიქრდება რამდენი დასჭირდა და განა დასათვლელია ნაბიჯების რაოდენობა?! ეჰ, . . . ის ხომ რამდენია.

მარჯვნივ, მარცხნივ, წინ და უკან. დატრიალდება ნახევარ, მთლიან ან ნაწილობრივ წრეზე და აამოძრავებს ბორბლებს, გადაადგილდება და დაუთვლელი ნაბიჯების ყურებაში სურს, ნატრულობს, ოცნებაც აქვს და ხშირადაც იტყვის - დავითვლი ჩემს საკუთარ ნაბიჯებს რამდენიც არ უნდა იყოს...

მკერდზე ჩამოშვებულ ვიწრო ნაჭერს, ფერებში გადაწყვეტილს და ფერიფერს შეხამებულს შეიფერებს. ყელში წაჭერილ, თეთრ საყელოზე, ან სხვა ფერისას, შემოხვეულს და მჭიდროდ შეკრულ ეგრეთ წოდებულ ჰალსტუხს შეისწორებს, ცოტაოდენ ყელსაც მისცემს თავისუფლებასაც და გამართული კისრით ამაყად წარმოდგება.

მარჯვენა ან მარცხენა, ან რა მნიშვნელობა აქვს, ცაციაა თუ მემარჯვენე, ხელის მარტივი მოძრაობით, ხელის მტევნებით მოიშორებს ვითომდა ჭუჭყს და გასწორდება ისე, მეტიც რომ არ შეიძლება.
ხელის მარტივი მოძრაობით, ხელის მტევნებით, თუ ხელის გულის დასმით, ცერა და საჩვენებელი თითით ნაკეცის გასწორებით ან საერთოდ საკუთარი თავის სხვისი თვალით აღქმის იგნორირებით, ცხოვრობენ თავის თავთან და ზედმეტად არ აწუხებენ სხვებს, რადგან ის ხომ სხვისთვის არ არსებობს.
უჰ, იტყვის და მარდად ასწევს თავს. თავის აწევას ბეჭების გადაშლას მიაყოლებს და მკერდით შეეგებება სივრცეს.

ეჰ, ამოიოხრებს და დახრის ფიქრებისგან დამძიმებულ თავს. დააშტერდება თავის ფეხებს და შემდეგ ზემოთ ამოუყვება მზერით, ტანს, გულმკერდს. დაათვალიერებს თავის სხეულს და მარტოდ დარჩენილად იგრძნობს თავს. იქნება ასე თავდახრილი თავმოუბმელ ფიქრებში გართული. ხანდახან მორიდებითაც ასწევს თავს, შეათვალიერებს უძრავ და მოძრავ გარემოს და ... და რა, ისევ ცხოვრებისგან გალახული ჩასწევს თავს. უბრალოდ თავს მაღლა გადასწევს და უკიდეგანო ცას მიაპყრობს მზერას. საკუთარ მეს დაიპატარავებს და ფიქრს მიეცემა ასე თავგადადებული.

ეს ადამიანთა სხვადასხვა სიმრავლეა სხვადასხვა მახასიათებლით, სკუთარი ხედვის, აღქმისა და შეფასების უნარით.

სინამდვილეში კი, სიტყვით თუ უსიტყვოდ იმოძრავებს თავი, ამოვთქვამთ შორისდებულებს, ვაცეცებთ თვალებს აქეთ-იქით ან მხოლოდ იქით. გავამახვილებთ ყურადღებას ვიზუალურ მხარეზე ან საერთოდ მიამიტურად წარმოვჩნდებით, მართლად, ალალად, გულით.

ცხოვრება ბევრ რამეს გვაჩვენებს და გვასწავლის , მაგრამ რა არის ცხოვრება?!

ავტორი/Author: არჩილ კვინიკაძე