პოემა "განდეგილის" პრობლემატიკა » თავისუფალი აზროვნება


გამოკითხვა
როგორ გვიპოვეთ?
google.com_ით
facebook.com_ით
მეგობარმა მირჩია
ფორუმებიდან ლინკით
სხვა საძიებო ვებ-გვერდიდან
სხვა ...
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2018 (2)
ივნისი 2018 (3)
მაისი 2018 (5)
აპრილი 2018 (3)
მარტი 2018 (6)
თებერვალი 2018 (7)
ჩვენ სოციალურ ქსელში
  • Facebook
  • youtube
  • Twitter

პოემა "განდეგილის" პრობლემატიკა 

პოემა „განდეგილის" პრობლემატიკა

ილიას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია პოემა „განდეგილს", რომელიც გამოქვეყნებისთანავე მოექცა კრიტიკოსთა და მკითხველთა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ნაწარმოების პრობლემატიკის შესახებ მრავალი აზრი გამოითქვა, დღემდე დგას საგანი ის, თუ რისი თქმა უნდოდა ილიას „განდეგილით".
მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ავტორი ამ ნაწარმოებით უპირისპირდება ასკეტიზმს. ამის საპირისპიროდ კი ისინი, ვისაც ასკეტიზმი ესმით ფართო ჭრილში, ვიდრე ბერული ცხოვრებაა, მწვავედ აკრიტიკებენ აღნიშნულ თვალსაზრისს.

გ. ქიქოძის აზრით, ილია „განდეგილში" ასკეტიზმს უპირისპირებს ქართული ტრადიციებიდან მომავალ ჰუმანიზმსა და ბედნიერების მორალს და ამ უკანასკნელს ამარჯვებინებს. საინტერესოა ვ. კოტეტიშვილის მოსაზრებაც, რომლის მიხედვით ბუდასებურ ან ქრისტიანულ ასკეტიზმს ილია მწყემსი ქალის ჩვენებით სიცოცხლის ხალისს უპირისპირებს.

ვინაიდან ამ პერიოდში დროს ფეხი არ ჰქონდა მოკიდებული განდეგილობას, ლოგიკურია, ილია არ დაგმობდა მას; ის, რაც არაა განვითარებული არ საჭიროებს რეაქციას, ილიასთვის კი არარსებულზე წერა არაა დამახასიათებელი, რისი მაგალითია მისი ნებისმიერი ნაწარმოები დაწყებული „გლახის ნაამბობიდან".

აღსანიშნავია, რომ ვერც იმ მოსაზრებას დავეთანხმებით, რომლის თანახმადაც ილია ასკეტიზმს, როგორც პასიურობას, უპირისპირებს აქტიურ ცხოვრებას და ამით უკავშირდება „მგზავრის წერილებს", რადგან ორივე ნაწარმოები აქტიურ მოქმედებას ასხამს ფრთას, ოღონდ სხვადასხვა სახით; როგორც დავით კეზელი აღნიშნავს, ასკეტობა არ არის სიცოცხლის მარტო ლოცვაში გატარება.

ვფიქრობთ, ილია პოემა „განდეგილში" აგრძელებს ჯერ კიდევ ათეული წლის წინ დასმულ საკითხს: „სარწმუნოება და სათნოება ფარისევლობად არ შეგვიქმნია, თქვენი სლოკინი, ხელთა ფოტინი ღვთისადმი ლოცვად არ მიგვაჩნია. ნაწარმოებით ილია სწორედ იმ რწმენას აკრიტიკებს, რომელსაც არ აპირობებს შინაგანი სწრაფვა-ფორმალურ რწმენას.
განდეგილის პორტრეტი წმინდანისას მოგვაგონებს :

„სახე გამხდარი, კუშტი და მწყრალი
სიწმინდის მადლით დამშვენებოდა
და მაღალ შუბლსა, ნაოჭად შეკრულს,
შარავანდედი გადაჰფენოდა..."

თუმცა გარეგანი ყოველთვის როდი ემთხვევა შინაგანს და თუკი ემთხვევა, ემთხვევა ფორმალურად, ზედაპირულად, როგორც განდეგილის შემთხვევაში. პირველად წაკითხვისას „თითქო" არ იქცევს ყურადღებას, მაგრამ დაკვირვების შემდეგ ნათელი ხდება, რომ აღნიშნული მოვლენათა მოსალოდნელ განვითარებაზე მიგვანიშნებს, რაც ილიასთვის არ არის უცხო და შესაბამისად, კითხვის ნიშნებსაც ნაკლებად ტოვებს.
მომდევნო თავში ვიგებთ, რომ მეუდაბნოეს ცხოვრება ღვთისთვის შესაწყნარებელია :

„როს ლოცულობდა იმ სხივთა თურმე
თვის ლოცვანს მწირი ზედ დააყრდენდა,
და ხორცთუსხმელი მზის სხივი იგი,
უფლის ბრძანებით ზედ შეირჩენდა".

ვფიქრობთ, აღნიშნულს აკლია სიმკვეთრე. გადამკითხველის ყურადღებას იმდენად გამოეპარება, რომ სხივი რომელიმე მხატვრულ ხერხად მიიჩნევს, რაც ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, იმის მანიშნებელია, რომ განდეგილის ლოცვას აკლდა იოანე წინამორბედის გარეული თაფლი და მკალი.

მართალია, ამის საპირისპიროდ ბევრს სწორედ ეს სასწაული მიაჩნია, თუმცა ეს ღვთის მოწყალე ბუნების გამოვლენად მიგვაჩნია. როგორც ისააკ ასური აღნიშნავს: „უდიდესია შენი ცოდვები, მაგრამ ღვთის მოწყალება დაუსრულებელია."

ასევე, შეუძლებლად მიგვაჩნია, რომ ჭეშმარიტად მორწმუნე რწმენაში გამყარებულ მწირს პირველივე ცდუნებამ სძლიოს და ჩვენი განდეგილივით ბუნების მშვენიერებით დაიწყოს ტკბობა. განა ეს მიღებულია წმინდანისთვის, რომელმაც, წესით, საზოგადო ვნებითა და ცოდვით უნდა დაიტვირთოს მხრები და გაუმკლავდეს მათ.

შუშანიკი ერთადერთ სარკმელსაც კი ახშობს, ილიას განდეგილი კი მზის ჩასვლის ცქერით ტკბება, თუმცა ეს ყველაფერი როდია „უცოდველის გულისტკივილით" ლამაზ მწყემს ქალმა „ტყვექმნილ თვალს" აჩერებს. ისიც საყურადღებოდა, რომ მისი დანახვა აძრწუნებს :

„თუ მაცდური ხარ, ჩანს ღმერთს სწადიან
მწირი ცოდვილი დღეს გამომცადოს."

აღსანიშნავია, რომ მწყემს ქალს ბედისწერის სწამს ( „განა წაუხვალ, რაც ფათერაკად მოსავალია ?" ), რაც მის ცნობიერებაში ღვთის რწმენაზე მაღლად დგას; განდეგილიც დიდად არ გამოირჩევა მისგან. მართალია სწამს, რომ „ღმერთია მშველელი, მხსნელი" და საკუთარი ცხოვრების გზის არჩევანს მას მიაწერს, მაგრამ სწორედ ამით ხომუგულებელყოფს პირად „მესა" და ღვთისკენ სვლის ამ გზის სურვილს-ჭეშმარიტი ასკეტიზმი კი სწორედ შინაგანი სწრაფვისგან უნდა მომდინარეობდეს.

საინტერესოა, რომ შემდეგ განდეგილი ამ გზასაც ემდურვის, ანუ ემდურვის იმ გზისკენ დამყენებელსაც. „ხსნა ყველგან არის..ხოლო გზა ხსნისა ასეთი მერგო მე უბედურსა". აქედან ნათელი ხდება, რაოდენ ფორმალური და ჭეშმარიტების მიღმა მდგარია მისი რწმენა.
ბუნებრივია ავტორის რიტორიკული კითხვებიც:

„ნუთუ დაკარგვად აწ მიიჩნია
დამარხვა ხორცი, გულთმქმის ვნებისა
და არა ჰკმარის, რომ სულს დაუდგა
წმინდა საყდარი უკვდავებისა ?
რა დაემართა ? რა მოუვიდა ?
ნუთუ უჩივის აწ იგი ბედსა ?
ნუთუ აწ ჰნანონს ქვეყნის დათმობას
და მუნათს რასმე სდებს შემოქმედსა ?"

რა საკვირველია, ბოლოს იღვიძებს სინდისი, როგორც ეს ხდება ხოლმე, ჩნდება სინანულის განცდა მაშინ, როცა ძალიან გვიანია:

„უცებ გაშეშდა...ეჰა, წაწყმედავ,
ეს რა სურვილი გულს გაიტარა!..
ნუთუ იძლია ? არა და არა !"

ბუნებრივია მკითხველს აინტერესებს განდეგილის შემდგომი რეაქცია-მოგვევლინება მრისხანების გამოხატულებად თუ საყვედურებს განაგრძობს, თუმცა ილია შემოქმდებითი ოსტატობით მოლოდინს აჭარბებს; გამოქვაბულიდან განდეგილი, „როგორც გიჟი, გავარდა კარში", მთელი ღამე მთებში დახეტიალობდა, დილას სენაკში დაბრუნებულმა კი შეამოწმა, კვლავ თუ მოევლინებოდა სასწაული:

„აჰა მოვარდა, ზღუდის პირს დადგა
და მწყურვალებით უცქერს მთის წვერსა
თითქოს იქიდან გამოელისო
თვის უკანასკნელ ნუგეშს და ბედსა.
მზის ამოსვლასა ელოდებოდა...
რად არ ამოდის ? რად გვიანდება ?
დღემდე თვით ჟამი არარა იყო,
და ეხლა წუთიც რად უძნელდება ?"

როცა უკვე განდეგილის დანაშაული ნათელი, დავუბრუნდეთ შემდეგ სტრიქონებს :

„თითქო იქიდან გამოელისო
თვის უკანასკნელ ნუგეშს და ბედსა."
ჯერ ხაზი გავუსვათ „თითქოს" , რომელიც გვანახვებს, რომმ ავტორმა იცის ბერის აღნიშნული ცდის ამაოების შესახებ.

რაც შეეხება „ნუგეშსა და ბედს".. დავიწყოთ ამ უკანასკნელით, რომელიც კავშირს ამყარებს მწყემსი ქალის ბედისწერის რწმენასთან და მის შეცვლაში იჩრდილება ღვთის როლი. პოემაში ვერ ვხვდებით რუსთველისეულ რწმენას-„...ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან (ბედისგან) განაწირსა!"

რაც შეეხება ნუგეშს... ვფიქრობთ, იგი განმაპირობებელია განდეგილის ამ ქვეყნისგან განდგომისა და ღვთისკენ სწრაფვის ამ გზისა; ვვარაუდობთ, მას შეეშინდა წუთისფლის სიავენის და ამ გზაში იპოვა „ნავსაყუდელი", ხსნა ამაოებათაგან, თუმცა მას არ აქვს გაცნობიერებული, რას ნიშნავს ეს ხსნა; მისი მერყევი ბუნება არ შეეფერება ჭეშმარიტი მორწმუნისას.

ჩვენი აზრით, განდეგილი მიეკუთვნება ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელთა რწმენა ირხევა „ლერწამი ქართაგან ძლიერთა." მთავარი პრობლემატიკა კი, ვფიქრობთ, მდგომარეობს შემდეგში-ღვთისკენ სვლის გზა უნდა იყოს არჩევანი და არა გამოსავალი და სწორედ მაშინ, ვიქნებით ჭეშმარიტი მორწმუნენი.

და ბოლოს, დავასრულებ დოსტოევსკის სიტყვებით: „მოითმინე, იშრომე და იმედი იქონიე-აი, ჭეშმარიტება, რის შთაგონებასაც კაცობრიობისთვის ერთი ცდით ვისურვებდი." (სტეფანჩიკოვოს სოფელი")


კომენტარის დაწერა
თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: