www.mecnier.com-თავისუფალი აზროვნება > სამეცნიერო > ვაჟა და რუსთაველი - რამდენიმე პარალელი


ვაჟა და რუსთაველი - რამდენიმე პარალელი
28.02.2018, 15:00; ნახვა: 515; დაამატა: მარირა

როგორც ვიცით, რუსთველი ქართულ პოეზიაში უპირველესი მაგალითი და მიბაძვის ობიექტი იყო დავით გურამიშვილამდე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას შემდეგ არ ასახულა ჩვენს მწერლობაში ის კარდინალური საკითხები, რომელსაც მის უკვდავ პოემაში ვხვდებით.
იმდენად მარადიულია „ვეფხისტყაოსნში" დასმული საკითხები, თუ წამოჭრილი იდეები ავტორთან საუკუნეებით დაშორებულ შემოქმედთა ნაწარმოებებშიც თითქოსდა პარალელურ სცენებად გვევლინება.
პირველ რიგში, ყურადღებას იქცევს მოწონება, რომელიც გმირებს შორის პირველივე შეხვედრისთანავე ჩნდება;
როდესაც ნესტანის უნაყოფო ძებნაში ტარიელს მხლებლები შემოეფანტნენ, რაინდი ერთი ქალაქის შემოგარენს მიადგა. ცოტა მოისვენა და გამოღვიძებულმა უცნაური სანახავი ნახა : ზღვის პირას მერანს დააქროლებდა დაჭრილი რაინდი. ტარიელი შეეგება მას, გაიცნო და გმირები ერთი შეხედვისთანავე დაინტერესდნენ ერთმანეთით - სწორედ ასე დამეგობრდნენ ისინი.
ასევე, პირველი შეხვედრისთანავე დამეგობრდნენ ავთანდილი და ტარიელი :

„მათ აკოცეს ერთმანეთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს...
ყელი ყელსა გარდააჭდვეს. ერთმანეთსა აუტირდეს.

დიდად შეუყვარდათ ერთმანეთი პირველი შეხვედრისთანავე ავთანდილსა და ფრიდონს. ერთად გატარებული რამდენიმე დღე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მათი განშორება მოყვარულ ძმათა განშორებას დამსგავსებოდა :

„მოეხვივნეს ერთმანეთსა, გაამრავლეს ცრემლთა ღვრანი,
აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი,
გაიყარნეს გაუყრელნი ძმად-ფიცნი და ვითა ძმანი..."

სწორედ ასე, პირველივე შეხვედრისთანავე, მოეწონებათ ერთმანეთი ვაჟა- ფშაველას პერსონაჟებს; „სტუმარ - მასპინძელში" სალ კლდეზე სანადიროდ გამოსული მგზავრები სწორედ ამ გრძნობით განიმჭვალებიან :

„ივახშმეს, თვისი სტუმარი
მასპინძელს მოსწონს გულითა
„კარგი ვაჟკაცი ეტყობა,"
ფიცულობს თავის რჯულითა."
„ეს ერთი ცნობა, ხვალ ძმობა,
ერთად შევთვისდეთ სულითა".

„ალუდა ქეთელაურშიც" პირველივე შეხვედრისთავანე მოიხიბლა ალუდა მუცალის ვაჟკაცობით და თანაც იმდენად, რომ თემის ადათი დაარღვია, შემდეგ კი რელიგიური შეხედულების წინააღმდეგაც წავიდა.

„მარჯვენას არ სჭრის მუცალსა,
იტყოდა: ცოდვა არიო,
ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო,
ღმერთმაც გაცხონოს მკვდარიო.
მკლავზედაც გებას მარჯვება, შენგან ალალი არიო,
შენ ხელ შენს გულზედ დამიწდეს
ნუმც ხარობს ქავის კარიო,
კარგი გყოლია გამდელი,
ღმერთმ გიდღეგრძელოს გვარიო!"
და კიდევ :
„მით ვაქებ ვაჟკაცობასა,
არ იყიდება ფულადა.
სამ მე ვესროლე, სამ - იმან,
მესამით დავასრულია.
მკერდზე ნაკრავმა ტყვიამა
გაუნაძოძა გულია.
ნატყვიარს ბრძამით იდევდა,
ისრე დალია სულია.
სულს არ აცლიდა ამოსვლას,
კიდევ მიხსენა რჯულია.

ასევე, საინტერესოა შემდეგი ეპიზოდი; კარგად ვიცით რა ბედი ეწია ნესტანს, როგორ დასაჯა მშობელმა მამიდამ, დავარი უშვერად ლანძღავდა ნესტანს, რას არ უწოდებდა, თანაც მოთქმა-ტირილით ემუქრებოდა: საქმრო ხომ მოაკვლევინე და მეც ტყუილუბრალოდ ვიღუპები, იცოდე, არც შენ გაგახარებ, "აწ ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე”, ვინცა გწადიაო.

"ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა,
დაალება, დაალურჯა, მედგრად პირი მოიქუშნა,
მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქნა, ოდენ უშნა,
ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლულნი დაუშუშნა”.

როცა დავარი მისი ცემით გაძღა, ორი მონა იხმო, ქაჯებს რომ ჰგვანდნენ და კიდობანი მოატანინა. "მას შიგან ჩასვეს იგი მზე” ჯიქურ და უბოდიშოდ, როგორც ტყვედპყრობილი. ზღვისაკენ სარკმელი იყო, კიდობნიანად იქიდან გადაიპარნენ და გაუჩინარდნენ.
ამის შემდეგაც მრავალი განსაცდელი შეხვდა ნესტანს, თუმცა იგი, ქაჯეთის ციხეში მყოფი, მაინც სამშობლოზე ფიქრობს; ტარიელს წერს ერთ -ერთი წერილში („ აწ საყვარელსა მიუწერს..") :

„წადი, ინდოეთს მიჰმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა,
მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ- აუპყრობელსა,
გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა,
მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა!"

თემიდან გამოძევებული, შორს უკვალოდ, ალალ-ბედზე მავალი ალუდა - ქეთელაურიც სწორედ ასე იქცევა; მიუხედავად იმისა, რაც თავს გადახდა, ისევ მშობლიურ მხარეზე ფიქრობს;

„დიაცნო, ნუ ხართ ყბედადა,
მოდით, მამყევით, ვიდინოთ,
ღმერთმ ეს გვარგუნა ბედადა,
ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ,
ნუ გადიქცევით ცეტადა!
ერთხელ მაუნდა ალუდას,
ერთხელ მობრუნვა თავისა:
"მშვიდობით, საჯიხვეებო,
გამახარელნო თვალისა!
მშვიდობით, ჩემო სახ-კარო,.
გულში ამშლელო ბრალისა!
მშვიდობით," ჩვენო ბატონო,
ყმათად მიმცემო ძალისა!”

განხილულ მაგალითებში ჩანს პატრიოტიზმის გამოვლინების მსგავსი ფორმა - სიწრფელითა და თავგანწირვით აღსავსე;
გახსოვდეს მშობლიური მხარე, როცა გილხინს გმირობა როდია, უკიდურესი გასაჭირის ჟამს კი მისი გახსენება მხოლოდ გმირებს შეუძლიათ.
ვფიქრობ, საინტერესოა რწმენაზეც გავამახვილოთ ყურადღება. რუსთველსა და ვაჟას რელიგიური მსოფლმხედველობა გარკვეულწილად მსგავსია; ორივე გენიოსი ითვალისწინებს ღვთის ნებას, არ გმობს მის სურვილს, პატივს სცემს და იღებს, მიუხედავად ყოველივე სირთულისა.
მაგ. „ალუდა ქეთელაურში" ალუდა ქალებს, რომლებიც ჩივიან მოვლენილ გასაჭირზე, მიმართავს :

„დიაცნო, ნუ ხართ ყბედადა,
მოდით, მამყევით, ვიდინოთ,
ღმერთმ ეს გვარგუნა ბედადა.”

„ვეფხისყაოსანში" კი ვხვდებით არაერთ ფრაზას, რომლებიც გამოხატავს ზემოთ აღნიშნულ აზრს :
„აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა;" „ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგრავა", „გიჯობს, მითხრა; ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო, თვარა ღმერთმა მტერი ჩემი მოკლას, ვითა მოგაკვდინო!" „ავთანდილს ღმერთმა წადილი მისცა გულისა ლხინება;" „ღმერთმან ქმნა გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად."

გამოყენებული ლიტერატურა :
ე. ხინთიბიძე - „ვეფხისტყაოსნის" იდეურ-მსოფლმხედველობრივი სამყარო";